როგორ და რა ვადებში უნდა შესრულდეს კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციები.
საკითხი „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ განიხილა. მიღებული გადაწყვეტილება ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ გაახმოვანა. ირაკლი კობახიძის თქმით 12-ივე რეკომენდაციის დასაკმაყოფილებლად საპარლამენტო ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით შეიქმნება შესაბამისი ჯგუფები. მომზადდება საკანონდებლო ინიციატივები, რომლებიც წარედგინება პარლამენტს. განსაზღვრულია კონკრეტული ვადებიც. ასევე მიღებული ცვლილებები საბოლოო დამტკიცებამდე შესაფასებლად გადაეგზავნება ვენეციის კომისიას. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი პასუხისმგებლობას იღებს, რომ ეფექტიანად შეასრულებს ევროკომისიის რეკომენდაციებს, თუმცა დეპოლარიზების მიმართულებით აუცილებელია ოპოზიციის ძალისხმევაც. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ინიციატივით გამოდის მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში რადიკალურ პოლიტიკურ რიტორიკაზე და მოქმედებაზე გამოცხადდეს მორატორიუმი. დეპოლარიზაციის მიმართულებით ასევე იქმნება სპეციალური მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც არსებულ ვითარებაზე გარკვეული პერიოდულობით წარადგენს ანგარიშებს.