„ქართული ოცნება“ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 31-ე ყოველწლიურ სესიაზე მიღებულ რეზოლუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. რეზოლუციას – „ეუთო-ს როლი მიმდინარე უსაფრთხოების არქიტექტურაში: საპარლამენტო პერსპექტივა დაემატა ფორმულირება, რომელიც არის ზუსტად ის, რასაც რუსეთი ცდილობს, მიაღწიოს – წარმოაჩინოს, თითქოს რუსეთი არ არის კონფლიქტის მხარე. წერია განცხადებაში. „ქართულ ოცნებაში“ აღნიშნავენ, რომ საქართველოს სახელმწიფო ინტერესების შელახვის გამო, საქართველოს დელეგაცია საბოლოო რეზოლუციის წინააღმდეგ მისცემს ხმას.
შესწორება ასევე გულისხმობს იმასაც, რომ რუსეთი კონფლიქტის მოგვარებას სხვადასხვა არხით ცდილობს, რაც ასევე დეზინფორმაციაა და ჟენევის ფორმატის ფარგლებში, რუსულ დესტრუქციულ ქცევას იცავს. ეს ყველაფერი სერიოზულად შემაშფოთებელია, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ეუთო არის ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე და ამერიკის შეერთებული შტატები, რომლის წარმომადგენლები შესწორების ავტორები არიან, არის ჟენევის ფორმატის წევრი და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი. რეზოლუციაში ამ ფორმულირების შეტანა ეწინააღმდეგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს და ეუთო-სა და აშშ-ის გაცხადებულ პოლიტიკას. სამწუხაროა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში აღნიშნული ასამბლეა რუსეთის თამაშს თამაშობს. ჩვენი გადაწყვეტილება რჩება ურყევი და გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი ქვეყნის დასაცავად“, – აღნიშნულია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.