„ქართული ოცნება“ ქალთა ორგანიზაციას აფუძნებს, – ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, ქალთა ორგანიზაცია იქმნება პარტიულ-პოლიტიკურ პროცესებში ქალების როლისა და ჩართულობის მაქსიმალური გააქტიურების უზრუნველსაყოფად.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ამბობს, რომ პარტიამ მერობის 64 კანდიდატიდან მხოლოდ სამი ქალი კანდიდატის წარდგენა შეძლო და ამგვარი მოცემულობა არ შეესაბამება საზოგადოებაში არსებულ ობიექტურ სურათს, რადგან ქალები მაღალ თანამდებობებზე ბევრად უფრო ფართო წარმომადგენლობას იმსახურებენ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქალთა ორგანიზაციის დაფუძნება ხელს შეუწყობს გუნდის ქალი წევრების კარიერულ ზრდას და მათ გზას გაუხსნის მეტი წარმატებისკენ.
მოგვიანებით ირაკლი კობახიძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად შიდა ქართლში, სამცხე ჯავახეთსა და მცხეთა-მთიანეთში იმყოფებოდა, სადაც პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციების წევრ ქალებთან შეხვედრები გამართა. შეხვედრაზე ქალთა ორგანიზაციის დაფუძნების ვადებზე, სამოქმედო გეგმასა და მიზნებზე ისაუბრეს. შეჯერდა პოზიციები დამფუძნებელი ყრილობის ჩატარებასთან დაკავშირებით.