„ქართული ოცნება" ოზურგეთის საკრებულოში მომხდარ ინციდენტს ენმ-ის პროვოკაციული და დესტრუქციული ქმედებების ნაწილად აფასებს
პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ოზურგეთის საკრებულოში მომხდარ ინციდენტს „ნაციონალური მოძრობის“ პროვოკაციული და დესტრუქციული ქმედებების ნაწილად აფასებს. ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
პარტიაში აცხადებენ, რომ ემიჯნებიან ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას და პროვოკაციების მიუხედავად, დაუშვებლად მიაჩნიათ ფიზიკური დაპირისპირება. ამასთან, პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ არსებობს საჯარო სივრცეში მიზანმიმართული მუქარისა და შეურაცხყოფის არაერთი ფაქტი, რომელიც აუცილებლად გადაეცემა სამართალდამცავ უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს. “მივმართავთ ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის წევრებს, მხარდამჭერებს – ჩვენ მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობა გვაკისრია და ჩვენი ხელწერა ყოველთვის იყო და იქნება მხოლოდ კანონისმიერი პასუხი ყველა პროვოკაციაზე. ამიტომ, ყველას მოგიწოდებთ, არ აჰყვეთ არანაირ პროვოკაციას. ნურავის მივცემთ საშუალებას, ხელოვნურად მოახერხონ სიტუაციის ესკალაცია – აღნიშნულია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.