ბრაზილიაში არჩევნებში დამარცხებული ექს-პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს მომხრეებმა საავტომობილო გზები ჩახერგეს. როგორც ბრაზილიური მედია წერს, ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები 200-მდე სხვადასხვა ადგილას შეიკრიბნენ და გზებზე გადაადგილება დაბლოკეს. მათ შორის იყო დედაქალაქში მდებარე ავტომაგისტრალი და რიო-დე-ჟენეიროსა და სან პაულოს დამაკავშირებელი გზაც. შედეგად შეიქმნა ავტომობილების გრძელი რიგები და გადაადგილება შეიზღუდა. ბოლსონარუს მომხრეების ნაწილი არჩევნებში გამარჯვებულ ლუის ინასიუ და სილვას შეურაცხყოფას აყენებდა. ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ პოლიციას ჩახერგილი გზების გახსნა დაავალა. ბრაზილიაში საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ქვეყნის ყოფილმა ლიდერმა, ლუის ინასიუ ლულა და სილვამ მეორე ტურის შედეგად მოიპოვა. მან ამომრჩეველთა ხმების 50.9%-ი მიიღო. მისმა მოწინააღმდეგე მოქმედმა პრეზიდენტმა, ჟაირ ბოლსონარუმ კი 49,1%-ი. არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, ბოლსონარუ საჯაროდ არ გამოჩენილა. მანამდე ის არ გამორიცხავდა, რომ შესაძლოა, არჩევნების შედეგები არ აღიაროს, მისი მხარდამჭერებისგან კი პუტჩისკენ მოწოდებაც ისმოდა.