ფრანგული მედიის ცნობით, პარიზის პროკურატურამ მარინ ლე პენის 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის უკანონო დაფინანსების საქმეზე გამოძიება დაიწყო. როგორც ადგილობრივი მედია წერს, აღნიშნული გადაწყვეტილება საარჩევნო კამპანიების და პოლიტიკური დაფინანსების მაკონტროლებელი ეროვნული კომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის საფუძველზე მიიღეს. საფრანგეთის კანონმდებლობით, არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს საარჩევნო ხარჯების დადგენილი ლიმიტის გადაჭარბება ეკრძალებათ. ფრანგული მედიის ინფორმაციით, მაკონტროლებელმა ორგანომ პარიზის პროკურატურას ორი კანდიდატის მიერ საარჩევნო ხარჯების გადაჭარბების შესახებ გასულ კვირას აცნობა. მათ შორის არის მარინ ლე პენი. ცნობისთვის, 7 ივლისს საფრანგეთში გამართული საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგად მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტია მესამე ადგილზე გავიდა.