პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საგანმანათლებლო პროექტ „დიდგორელის“ გამარჯვებულები დააჯილდოვეს. პროექტის დახურვის ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე და თავდაცვის უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ. გრიგოლ გიორგაძემ პროექტის მონაწილე წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს სიტყვით მიმართა. მან ყურადღება გაამახვილა საგანმანათლებლო პროექტებისა და ახალგაზრდა თაობაში შემეცნებითი უნარების განვითარების მნიშვნელობაზე. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პროექტის გამარჯვებულს სამახსოვრო საჩუქარიც გადასცა. საგანმანათლებლო პროექტი „დიდგორელი“ 2019 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს მოსწავლე-ახალგაზრდობის საქართველოს ისტორიით დაინტერესებას, ასევე მიმართულია ახალგაზრდა თაობის მოტივაციისა და ცნობიერების ამაღლებისკენ.