პრეზიდენტის ვეტოს პროექტი

როგორია პრეზიდენტის ვეტოს პროექტის შინაარსი. „მოამბის“ მიერ მოპოვებულ დოკუმენტში, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს გადაეგზავნა, პრეზიდენტს მხოლოდ მეთერთმეტე მუხლში აქვს შესწორება შეტანილი, სადაც ვკითხულობთ: „ეს კანონი მოქმედებს ამოქმედებიდან ერთი დღის განმავლობაში“. დოკუმენტის მოტივირებული შენიშვნების ნაწილში პრეზიდენტმა კანონპროექტი არსებული ვერსიით გადაიტანა და შენიშვნის სახით მე-11 მუხლს „კანონის ამოქმედების“ ნაწილს – მხოლოდ ეს ერთი წინადადება დაურთო. რაც შეეხება პრეამბულას ანუ შესავალს – სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს მიმართავს და კიდევ ერთხელ ამბობს, რომ კანონპროექტი არაკონსტიტუციური და არადემოკრატიულია და ის გაუმჯობესებას არ ექვემდებარება. სწორედ ამიტომ, პრეზიდენტი კანონმდებლებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ ამოქმედებიდან მეორე დღესვე გაუქმებას სთავაზობს.