პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს, რომელიც ქალთა კვოტირების გაუქმებას ითვალისწინებს, საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია, რადგან გენდერული კვოტების საკითხი ევროკომისიის მიერ დაწესებული 12-პუნქტიანი გეგმის მე-9 პუნქტის შემადგენელი ნაწილი იყო, რომელიც ევროკომისიამ შესრულებულად ჩათვალა. პრეზიდენტის ვეტო პარლამენტში უკვე შევიდა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საკითხი განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა, რის შემდეგაც პლენარულ სხდომაზე გავა. საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რომელიც სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმებას გულისხმობს, პარლამენტმა მესამე მოსმენით, 4 აპრილს 85 ხმით 22-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. „გირჩის“ მიერ ინიციირებული პროექტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო. პრეზიდენტის ვეტოს შეფასებები მოყვა პოლიტიკურ სპექტრში.