რა შენიშვნები და შესწორებებია პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის გაგზავნილ ვეტოში? – დოკუმენტი ჯერ ისევ არ გასაჯაროებულა. საკითხი კი მეორე დღეა პოლიტიკური განხილვის საგანია. საქართველოს პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ვეტო გუშინ დაადო. სალომე ზურაბიშვილმა გადაწყვეტილება ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა. პრეზიდენტის განცხადებით, ვეტო იურიდიულად გამართულია. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც მესამე მოსმენით პარლამენტმა 14 მაისს დაამტკიცა, პრეზიდენტის შეფასებით, ცვლილებებს არ ექვემდებარება და უნდა გაუქმდეს.