კენჭისყრამდე მძიმე ურთიერთბრალდებებით დატვირთული იყო საკითხის განხილვის ეტაპიც.
დეპუტატების წინაშე, პირველი კონსტიტუციური წარდგინების ერთი-ერთი ავტორი, ირაკლი კობახიძე წარდგა. კონსტიტუციის მძიმე დარღვევა, ალიანსი რადიკალურ ოპოზიციასთან, დაპირისპირება სახელმწიფო ინსტიტუტებთან და ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციასთან – ეს ბრალდებები „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საპარლამენტო ტრიბუნიდან გააჟღერა. არანაკლებ მწვავე იყო საკუთარ გამოსვლაში ზურაბიშვილი, რომელმაც საკონსტიტუციო სასამართლო გააკრიტიკა და ის მიღებული გადაწყვეტილების გამო მმართველი პარტიის დავალების შემსრულებლად გამოაცხადა. პრეზიდენტმა მისი იმპიჩმენტის პროცესი ევროპელი ლიდერების შეურაცხყოფად შეაფასა და თქვა, რომ ნებისმიერი მცდელობის მიუხედავად საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მისაღებად აქტიურ მუშაობას განაგრძობს. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები, შეწყალების აქტები და მხარეების პოლიტიკური გადაწყვეტილებები ურთიერთბრალდებებისას მთავარი თემები იყო.