პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა

რა მიზეზით არ მისცა თანხმობა მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს ათ ქვეყანაში დაგეგმილ ვიზიტზე – საკითხზე პირველი კომენტარი დღეს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. როგორც მთავრობის მეთაურის განცხადებიდან ირკვევა, უარის მიზეზი სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი რიტორიკა და ის განცხადებები გახდა, სადაც პრეზიდენტი აცხადებს, რომ ევროკავშირის 12 რეკომენდაცია მხოლოდ ფორმალურად შესრულდა.

ირაკლი ღარიბაშვილი მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას იმპიჩმენტის თაობაზე იზიარებს და სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს. „ქართული ოცნების“ გუნდი თანხმდება, რომ დღეს პრეზიდენტი საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ მოქმედებს. მმართველმა პარტიამ იმპიჩმენტის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგინების შესატანად საჭირო ხმების შეგროვებაც დაიწყო. ხელისუფლებისგან განსხვავებით, იმპიჩმენტს ჯერჯერობით მხარს არ უჭერს ოპოზიცია.

ერთადერთი პარტია, რომელიც სალომე ზურაბიშვილთან კონსულტაციებს გეგმავს, „ნაციონალური მოძრაობაა“. გახდება თუ არა პოლიტიკური ვაჭრობის საგანი სააკაშვილის შეწყალება იმპიჩმენტის მხარდაჭერაზე უარის სანაცვლოდ? – ეს უახლოეს მომავალში გაირკვევა.

სალომე ქოქიაშვილი დეტალებით.