ორთვიანი ლოდინის შემდეგ პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის თარიღი და ფორმატი ცნობილია.
დეპუტატები გიორგი მარგველაშვილს ორ დღეში მოუსმენენ. საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ეს იქნება მისი ბოლო გამოსვლა საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნასთან.
სიტყვით მიმართვის შემდეგ დარბაზში პოლიტიკური დებატები გაიმართება, რა დროსაც სახელმწიფოს მეთაურს ოპოზიციის გარდა მმართველი გუნდის წევრთა მწვავე გამოსვლების მოსმენა მოუწევს.
ერთ-ერთი თემა, რომელზეც უმრავლესობა აქცენტის გაკეთებას აპირებს, შეწყალების სადავო აქტები იქნება.
რეგლამენტის მიხედვით, პრეზიდენტი პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე დღეს უნდა მისულიყო, თუმცა მივლინებების არგუმენტით გიორგი მარგველაშვილმა ორი თვით დაიგვიანა.