ანა ნაცვლიშვილი - საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ დაგეგმილ დებატებს გიორგი მარგველაშვილი მიესალმება
ანა ნაცვლიშვილი - საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ დაგეგმილ დებატებს გიორგი მარგველაშვილი მიესალმება

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილი საკანონმდებლო ორგანოში მისი გამოსვლის შემდეგ პოლიტიკური დებატების გამართვას მიესალმება.

როგორც ჟურნალისტებს ნაცვლიშვილმა განუცხადა, პრეზიდენტი ყოველ წელს მომხრე იყო იმის, რომ პარლამენტში მისი გამოსვლა რაც შეიძლება ფართო მასშტაბის ყოფილიყო და ფართო რეზონანსი ჰქონოდა.

„პოლიტიკურ დებატებს მივესალმებით. ჩვენ მზაობა ყოველ წელს გვქონდა იმისა, პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ დებატები ყოფილიყო და წელსაც მივესალმებით იმას, რომ დებატები და ფართო განხილვა იქნება იმ საკითხების, რაც ქვეყნისთვის საჭირბოროტოა. პრეზიდენტს ყოველთვის ეს პოზიცია ჰქონდა და მისი პოზიცია არც წელსაა განსხვავებული”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

პრეზიდენტი პარლამენტში წლიურ ანგარიშს 2 მაისის პლენარულ სხდომაზე წარადგენს.