პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე დაღუპული მეშახტეების ოჯახებს უსამძიმრებენ

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში ექვსი ადამიანის დაღუპვის გამო, პრემიერ-მინისტრი მწუხარებას გამოთქვამს.

ვუსამძიმრებ და თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს. სახელმწიფოს შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ ცხედრების უმოკლეს ვადებში გამოსაყვანად. დაშავებულებს სათანადო მკურნალობა უტარდებათ და კეთდება მაქსიმუმი მათი ჯანმრთელობისთვის, – აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.

ტყიბულში, მინდელის შახტში დატრიალებული ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი.

ამ მძიმე წუთებში, თანადგომას ვუცხადებ შახტში მომუშავეთა ოჯახების წევრებსა და ახლობლებს. ტყიბულში დღეს დატრიალებული უბედურება ცხადყოფს იმის, რომ შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობა დრამატულად მძიმე და მიუღებელია. შეუძლებელია, რომ სახელმწიფო და საზოგადოება შეეგუოს მსგავს ვითარებას სამუშაო ადგილებზე,– ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.

დაღუპულთა ოჯახებს პარლამენტის სახელით უსამძიმრებს პარლამენტის თავმჯდომარეც.

ეს არის ტრაგედია არა მხოლოდ მათი ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის. მომხდარი კიდევ ერთხელ ნათლად გვიჩვენებს, რომ შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების დასაცავად ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ჩვენს თანამოქალაქეებს არ უწევდეთ სამუშაო ადგილებზე შრომა საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად. ეს არის ერთ -ერთი მთავარი მიზანი და პრიორიტეტი, რომლის განსახორციელებლად ძალისხმევას არ დავიშურებთ,- წერს ირაკლი კობახიძე.