პრეზიდენტის ახალი გზავნილები მმართველი გუნდის მისამართით – „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების ხმაურიანი განცხადებების გამო, სალომე ზურაბიშვილი ტონს კიდევ უფრო ამკაცრებს. თვენახევრის წინ საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში „ხალხის ძალის“ კრიტიკის შემდეგ, ამჯერად პრეზიდენტის პირდაპირი მოწოდებაა, რომ აშშ-ის საელჩოს მიმართ მმართველი პარტიის ყოფილი წევრების ბრალდებებს მთელი სახელისუფლებო გუნდი ღიად გაემიჯნოს.
თავის მხრივ, პრემიერის პოზიციაა, რომ ყოფილი თანაგუნდელების მიერ დაწყებული პოლემიკა აღარ გაგრძელდეს. სწორედ ბოლო გამოსვლის გამო, ოპოზიციის ნაწილი „ხალხის ძალის“ წევრებისგან მორიგ კრიტიკულ წერილებს აღარ ელოდება, თუმცა მათი საპასუხო განცხადებები ამაზე არ მეტყველებს.
კიდევ ერთი თემა, რაზეც პრეზიდენტი მმართველ პარტიას საყვედურობს, უკრაინის საკითხზე საგარეო პოზიციონირებაა. გაერო-ს ასამბლეის მოახლოებული სხდომის წინ სალომე ზურაბიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს კონკრეტულ რჩევებს აძლევს.