პრემიერის მიმართვა გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე

ისტორიული გადაწყვეტილების მოლოდინში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორმატი საქართველოსთვის.

რატომ არის საჭირო ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება – ევროპელი ლიდერების დასარწმუნებლად პრემიერმა ღარიბაშვილმა ამჯერად ბრატისლავას გლობალური უსაფრთხოების ფორუმი გამოიყენა. მთავრობის მეთაურის რიტორიკა და გზავნილები საკმაოდ მკაფიო და ღია იყო. უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მიცემას გადამწყვეტი მნიშვნელობის ნაბიჯად და რუსეთის მიმართ ადეკვატურ პასუხად მიიჩნევს. პრემიერმა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებ პირებს დღეს პირდაპირ უთხრა, რომ წევრობის კანდიდატობაზე უარით ევროკავშირი შეცდომას დაუშვებს. აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური კანდიდატობისთვის საჭირო საშინაო დავალებას შესრულებულად, საქართველოს კი აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის წევრებს შორის მოწინავე ქვეყნად მიიჩნევს.

ბრატისლავას ფორუმიდან საქართველოს მხარდამჭერი გზავნილები გაისმა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების ლიდერებისგან, რომლებიც ახლა წევრობის მოლოდინში არიან.