ქვეყანა ახალი მინისტრთა კაბინეტის მოლოდინშია.
ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლიდან თანამდებობას უკვე მეოთხე პრემიერი ტოვებს. მამუკა ბახტაძემ გადაწყვეტილება დღეს დილით სოციალური ქსელით გაავრცელა და ერთი წლის და ორი თვის საქმიანობა შეაჯამა, მოგვიანებით კი გადაწყვეტილების მიზეზები მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განმარტა. პრემიერობის მთავარ შედეგად ექს-პრემიერი ქვეყნის განვითარების სტრატეგიული ჩარჩოს შექმნას ასახელებს და მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე საკუთარი მისია შესრულებული აქვს. მთავრობის უკვე ყოფილი მეთაური ამბობს, რომ პოსტის დატოვებაზე ფიქრი მაისის ბოლოს დაიწყო, თუმცა თავიდან გუნდში თანხმობა არ იყო, გუშინ კი პარტიასთან კონსულტაციების დროს გადაწყვეტილება საბოლოოდ მიიღეს.
გატარებული რეფორმების გარდა მედიასთან შეხვედრის დროს მამუკა ბახტაძეს გამოწვევებზე, ივნისის მოვლენებზე, რამდენიმე გახმაურებულ საქმეზე და საკუთარ სამომავლო გეგმებზეც მოუხდა საუბარი.