პრემიერ-მინისტრი დრეზდენში „ფოლკცვაგენის“ ელექტრომობილების ქარხანაში იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურმა წარმოების პროცესი დაათვალიერა და ქარხნის ხელმძღვანელი პირებისგან ელექტრომობილების აწყობის ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია გარემოსდაცვითი კონცეფცია, მწვანე ეკონომიკა, რომელიც სხვა მრავალ მიმართულებასთან ერთად, ქვეყანაში არსებული ავტოპარკის ელექტრომობილებით ჩანაცვლების წახალისებას გულისხმობს.
მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება ამ პროცესში ისეთ მოწინავე ავტომწარმოებლებთან თანამშრომლობას, როგორიც „ფოლკცვაგენია“ და მზად არის, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი საქართველოს ბაზრით მათ კიდევ უფრო აქტიურ დაინტერესებას.