გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქეთის პრეზიდენტს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის დისკუსია ნიუ-იორკში ჯერ პირისპირ, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში შედგა.
საუბარი შეეხო რეგიონში განვითარებულ მოვლენებს, სტაბილურობის მნიშვნელობას, საქართველოს პრემიერ-მინისტრის შუამავლობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ შეთანხმებას, რომლის შედეგად, სომხეთის მოქალაქეები გათავისუფლდნენ, ხოლო აზერბაიჯანს გადაეცა რუკები დანაღმული ტერიტორიების შესახებ.
ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაფართოებაზე. გამოითქვა სურვილი, რომ მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მომდევნო სხდომა წლის ბოლომდე გაიმართოს. შეხვედრის დასასრულს ირაკლი ღარიბაშვილმა ნიუ-იორკში, თურქულ სახლში, საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.