პრემიერ-მინისტრის ანგარიში - დაპირისპირება პარლამენტში

პრემიერის გამოსვლა სიტყვიერი დაპირისპირების და საპროტესტო შეძახილების ფონზე.

დარბაზში დღეს სიტუაცია რამდენჯერმე გამწვავდა. ვითარება ყველაზე მეტად მაშინ დაიძაბა, როცა ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციას მიმართავდა. გაუბედურებული, საცოდავი, დესტრუქციული, მოღალატეები – ასეთი ეპითეტები გამოიყენა დღეს მთავრობის მეთაურმა ოპონენტების ნაწილის მიმართ. კანდიდატის სტატუსის დაბლოკვის მცდელობა, ევროინტეგრაციის საბოტაჟი, სანქციების და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გარშემო ცრუ კამპანიის წარმოება, მეორე ფრონტის გახსნის და რევოლუციის მოწყობის სურვილი, ძალადობრივი ქმედებების ორგანიზება – ოპონენტების მისამართით ტრიბუნიდან არაერთი ბრალდება გაისმა. ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან თერთმეტს მთავრობის ხელმძღვანელი შესრულებულად აცხადებს, ღიად დარჩენილ დეპოლარიზაციის პუნქტზე კი პასუხისმგებლობას ოპონენტებს აკისრებს და პოლარიზაციის შემცირებას სწორედ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში ელის. რაც შეეხება ერთწლიან ანგარიშს, 10%-იანი ეკონომიკური ზრდა, შემცირებული უმუშევრობა, დასაქმების გაუმჯობესებული მაჩვენებელი, გაზრდილი ექსპორტი და ტურიზმი, შემცირებული ინფლაცია და საგარეო ვალი, წამლების გაიაფება – მიღწევებზე საუბართან ერთად დაანონსდა ახალი პროგრამები და გეგმებიც.