12 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და გვიან ღამით დასრულდა პრემიერის გამოსვლა პარლამენტში. მთავრობის მეთაურმა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილა ყურადღება. ოპონენტები კი ევროინტეგრაციის საბოტაჟსა და ძალადობრივი ქმედებების ორგანიზებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. თავის მხრივ მწვავე და კრიტიკული იყო ოპოზიციის კომენტარები.
რაც შეეხება უშუალოდ ერთწლიან ანგარიშს, პრემიერმა ეკონომიკურ ზრდაზე, უმუშევრობის შემცირებულ მაჩვენებელზე და გაზრდილ ექსპორტსა და ტურიზმზე გაამახვილა ყურადღება. ხაზი გაესვა ევროინტეგრაციის პროცესში მიღწეულ პროგრესს. ირაკლი ღარიბაშვილი, ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან, თერთმეტს შესრულებულად მიიჩნევს. დეპოლარიზაციაზე კი პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს. პრემიერის ანგარიშით გუშინ, ივნისის ბოლო პარასკევს საკანონმდებლო ორგანომ საგაზაფხულო სესია დაასრულა.