მარტის შემდეგ ჩაკეტილი ქვეყნის საზღვრები პირველი ივლისიდან გაიხსნება.
სწორედ ამ დღიდან მიიღებს საქართველო უცხოელ ტურისტებს. შიდა ტურიზმის ამუშავება კი ორი კვირით ადრე, 15 ივნისიდან იგეგმება. ჯერ უცნობია, დაწესდება თუ არა პირველ ეტაპზე ავიამიმოსვლის კუთხით რომელიმე ქვეყანასთან შეზღუდვები. თუმცა, პირველ ეტაპზე მთავრობა ტურისტულ ნაკადებს ძირითადად რეგიონების ქვეყნებიდან ელოდება. ფრენების სიხშირეზე მოლაპარაკებები ცალკეულ ავია-კომპანიებთან უკვე დაწყებულია. რისკების შესამცირებლად და 14-დღიანი კარანტინის თავიდან ასაცილებლად, საზღვრებზე შემოწმების სპეციალური პროტოკოლი იმოქმედებს, რომელთა გავლა ქვეყანაში ჩამოსულ ვიზიტორებს მოუწევთ. უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის ვალდებულება ექნებათ განთავსების და კვების ობიექტებსაც. მთავარია, რომ საზღვრების გახსნამ დაავადების გავრცელების დაბალ მაჩენებელზე ნეგატიურად არ იმოქმედოს და ქვეყანამ მიღწეული შედეგები შეინარჩუნოს, რისთვისაც უსაფრთხო კორიდორის დანერგვა იგეგმება.