პოლონეთის მთავრობამ საზოგადოებრივი მაუწყებლების ხელმძღვანელობა დაითხოვა - გამოხმაურება
პოლონეთის კულტურის სამინისტროს მიერ საზოგადოებრივი ტელევიზიის, რადიოსა და საინფორმაციო სააგენტო PAP-ის ხელმძღვანელობის დათხოვნის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა.
„პოლიტიკური მიზანი არ შეიძლება ამართლებდეს კონსტიტუციური პრინციპებისა და კანონის დარღვევას. სწორედ ამიტომ, კულტურის მინისტრის ქმედებების გამო, საზოგადოებრივ მედიასთან დაკავშირებით მოვუწოდებ პრემიერ-მინისტრ ტუსკს და მინისტრთა საბჭოს, პატივი სცენ პოლონეთის იურიდიულ წესრიგს. მთელმა მინისტრთა საბჭომ კონსტიტუციის 151-ე მუხლის თანახმად დადო ფიცი, რომ დაიცავს პოლონეთის რესპუბლიკის კონსტიტუციასა და სხვა კანონებს“, – წერს დუდა სოციალურ ქსელში.
პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებას პასუხობს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი. „ბატონო პრეზიდენტო, როგორც უკვე მოგახსენეთ, დღევანდელი ქმედებები მიმართულია თქვენი განზრახვის შესაბამისად – საზოგადოებრივ ცხოვრებაში სამართლებრივი წესრიგისა და საერთო წესიერების აღდგენისკენ. თქვენ შეგიძლიათ, დაეყრდნოთ ჩვენს მონდომებას და მტკიცე თანმიმდევრულობას ამ საკითხში“, – წერს ტუსკი სოციალურ გვერდზე.
აღსანიშნავია, რომ პოლონეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის, რადიოსა და საინფორმაციო სააგენტოს ხელმძღვანელობის დათხოვნის გარდა გაითიშა 24-საათიანი საინფორმაციო არხი TVP INFO, რომელსაც პოლონეთის ახალი პრემიერ-მინისტრის პარტია ყოფილი მმართველი პარტიის მხარდამჭერ პროპაგანდაში ადანაშაულებდა.