პოლონელი მინისტრები სადავო პრემიებს საქველმოქმედო ფონდში გადარიცხავენ.
შესაბამის შეთანხმებას პოლონეთის მმართველი პარტიის წევრებმა უკვე მიაღწიეს, ინიციატივის ავტორი „კანონის და სამართლის პარტიის“ ლიდერი და პოლონეთის გარდაცვლილი პრეზიდნეტ ლეხ კაჩინსკის ძმაა. იაროსლავ კაჩინსკი ასევე ითხოვს, რომ დეპუტატებმა მიიღონ კანონი, რომლის მიხედვითაც მათი ხელფასი 20 პროცენტით უნდა შემცირდეს. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ მხოლოდ 2017 წელს პოლონელმა მინისტრებმა სახელფასო დანამატებისა და პრემიების სახით 1,5 მილიონი პოლონური ზლოტი მიიღეს, რაც 357 ათას ევროს შეადგენს. პარტია „სამოქალაქო პლატფორმამ“ წამოიწყო საინფორმაციო კამპანია სახელწოდებით „დააბრუნეთ ფული“. კამპანიის ფარგლებში ოპოზიციამ სხვადასხვა ქალაქებში დაამონტაჟა ბილბორდები, რომლებზეც კონკრეტული მინისტრების ფოტოებია გამოსახული და მათ მიერ მიღებული პრემიის რაოდენობა არის მოცემული.