იაროსლავ კაჩინსკი ორბანს აკრიტიკებს

პოლონეთის პარტია „კანონი და სამართლიანობის“ ლიდერმა, იაროსლავ კაჩინსკიმ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს ურჩია, ეწვიოს თვალის ექიმს თუ ის ვერ ხედავს კიევის სიახლოვეს რუსი სამხედროების სისასტიკეს. მისივე თქმით, პოლონეთი უნგრეთთან არ ითანამშრომლებს. ამის შესახებ კაჩინსკიმ პოლონურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. „ორბანის ქცევის შეფასება ცალსახად უარყოფითია, როდესაც ის ამბობს, რომ არ უნახავს, თუ რა მოხდა ბუჩაში, მას ოფთალმოლოგთან მისვლა სჭირდება“, – განაცხადა კაჩინსკიმ. მისივე თქმით, იგი აქამდე ორბანის შეფასებისგან თავს იკავებდა, მაგრამ ახლა „აღიარებს, რომ ეს ყველაფერი ძალიან სამწუხაროა“. აქვე კაჩინსკიმ აღნიშნა, რომ პოლონეთი არ ითანამშრომლებს უნგრეთთან, თუ ორბანი არ შეცვლის პოზიციას უკრაინის ომთან დაკავშირებით. „ვფიქრობ, რასაც ორბანი აკეთებს, არის რომ ის იმედოვნებს, რომ შეასრულებს როლს ომის დასრულებაში, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს არის სრული ჩიხი“, – დაამატა კაჩინსკიმ.