ვერშემდგარი დიდი ერთობის ნაცვლად, სამი ოპოზიციური გაერთიანება და ამ ფორმით მმართველ პარტიაზე მეტი ხმების მოპოვება – ასე გამოიყურება ამ ეტაპზე ოპოზიციის სტრატეგია. ხელისუფლების ოპონენტები არჩევნებში მონაწილეობას ამ ტაქტიკით გეგმავენ. არაერთი მცდელობის მიუხედავად გაერთიანებულიყვნენ, საზოგადოებამ პოლიტიკურ ველზე სამი ოპოზიციური ბლოკი იხილა. აქედან ორ გაერთიანებაში, მრავლად არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ძველი და ახალი სახეები, რომლებმაც ერთიან ბრძოლაზე სხვადასხვა მიზეზით უარი განაცხადეს.
ახლა მთავარი კითხვაა, გაამართლებს თუ არა წარსულში ერთიანობით არჩევნებში მონაწილე ოპოზიციის ახალი გეგმა და რამდენად მოახერხებენ ხელისუფლების ოპონენტები ძალაუფლების გადანაწილებას, თუ ამომრჩეველი მათ მხარს დაუჭერს? არჩევნებში ცალ-ცალკე მონაწილების მიუხედავად, მმართველი გუნდის შეფასებით, ოპოზიცია ამომრჩეველს მაინც „ნაციონალურ მოძრაობას“ სთავაზობს, დაყოფით კი მოქალაქეები შეცდომაში შეჰყავს. ნებისმიერ შემთხვევაში „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ოპოზიციის მარცხი გარდაუვალია.