შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის გადაწყვეტილება სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ გადადებასთან დაკავშირებით პოლიტიკური შეფასებების თემაა.
შეერთებული შტატების ამ გადაწყვეტილებას ოპოზიცია „ქართული ოცნების“ მხრიდან გატარებული პოლიტიკის შედეგს უწოდებს და აცხადებს, რომ ოკუპაციის პირობებში ეს ქართულ ჯარს თავდაცვისუნარიანობას აკარგვინებს. რაც შეეხება მმართველი გუნდის შეფასებას, „ქართული ოცნება“ პენტაგონის ამ გადაწყვეტილებას არა დროულს უწოდებს და ამბობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება, საქართველოში განსაკუთრებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ გამოწვევებს არ შეესაბამება.
თავდაცვის დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვის ფარგლებში საქართველოში „ღირსეული პარტნიორის“ სწავლებას ამერიკის შეერთებული შტატები განუსაზღვრელი ვადით გადადებს.