პატრიარქის მილოცვას „ქართული ოცნების“ ლიდერები ეხმაურებიან

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მილოცვას „ქართული ოცნების“ ლიდერები ეხმაურებიან. საპატრიარქომ ილია მეორეს განცხადება ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების შემდეგ გაავრცელა. პატრიარქმა მმართველ გუნდს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია ქვეყნის კეთილდღეობისთვის გაერთიანდება. „დასრულდა ცესკო-ს მიერ არჩევნების შედეგების გამოვლენის პროცესი, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა „ქართული ოცნების“ ხმების დიდი უმრავლესობით გამარჯვება. გულითადად ვულოცავთ მათ ამ წარმატებას. მართალია, ოპოზიცია არჩევნების შედეგებს აპროტესტებს და წინააღმდეგობის გაგრძელებას გეგმავს, მაგრამ გამოვთქვამთ იმედს, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც შეძლებენ, შემდგომი წლები მაქსიმალურად გამოიყენონ ქვეყნის წინსვლისა და კეთილდღეობისთვის. ყველაფერი ამქვეყნად ღვთის ნებითაა. მთავარია, ჩვენსა და უფალს შორის სინერგია შედგეს.“- ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში.