პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა გლდანის მე-8 დაწესებულებაში მათი თანაგუნდელი გელა აბულაძე მოინახულეს. მათ კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ დაკავება პოლიტიკური ნიშნით მოხდა და მის ოჯახზე ზეწოლა გრძელდება. ანა ბუჩუკურისა და მიხეილ დაუშვილის თქმით, მათთვის გაუგებარია სუს-ის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც პენიტენციურმა სამსახურმა მინდობილობის გაცემის საშუალება გელა აბულაძეს არ მისცა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წერილში კი აღნიშნულია, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი არ არის ბრალდებულებისთვის უფლების გადაცემის ან სხვა ნებისმიერი დოკუმენტის დამოწმება. ანტიკორუფციულმა სამსახურმა გელა აბულაძის მიმართ გამოძიება 2021 წლის 23 აგვისტოს დაიწყო. მას თაღლითობას ედავებიან.