პარტია „ხალხის ძალა“ დაფუძნდა

წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ სივრცეში კიდევ ერთი პარტია გამოჩნდა.

წელიწადნახევრიანი საქმიანობის შემდეგ „ხალხის ძალა“ საზოგადოებრივი მოძრაობიდან პარტიად გარდაიქმნა. „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატების მიერ 2022 წლის აგვისტოში შექმნილი გაერთიანება მთავარ მიზანს და ამოცანას უცვლელად ტოვებს – პოლიტიკურ კულუარებში მიმდინარე პროცესებზე მოქალაქეების ინფორმირება და ამ გზით ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა მთავარ ორიენტირად რჩება. მოძრაობა, რომელიც შექმნის დღიდან ცალკეული უცხოელი პარტნიორების და მესამე სექტორის მწვავე კრიტიკას არ ერიდება, ერთი წლის წინ ინიცირებული კანონპროექტით კი მასშტაბური საპროტესტო აქციების დაწყების მიზეზი გახდა, ახლა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადება. მთავარი გეგმა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური სივრციდან გაქრობაა, რისთვისაც პარტიის პოლიტიკური გასამართლების ინიცირებასაც აპირებენ.