„კარვები, წრეში-ბურთის თამაში, კონცერტები და სეირნობები, არის ფეიქრევოლუციის სცენარი“ – ამ განცხადებას „გირჩი“ ავრცელებს, რომელიც ახალი არჩევნების ჩატარების გეგმასაც აქვეყნებს და სამი ოპოზიციური გაერთიანების წევრებთან დაკავშირებით წერს, რომ „ისინი ატყუებდნენ და ახლაც ატყუებენ ხალხს“: თუ მართლა ახალი არჩევნები გვსურს, შემდეგი რამ არის გასაკეთებელი: უნდა ჩამოყალიბდეს ერთადერთი მოთხოვნა – „ფარულობის ტოტალური დარღვევის საფუძველზე დაინიშნოს ახალი არჩევნები“. მოთხოვნის შესასრულებლად ცესკო-ს მიეცეს ერთი კვირა. ყველა სხვა გეგმა, მათ შორის კარვები, წრეში-ბურთის თამაში, კონცერტები და სეირნობები, არის ფეიქრევოლუციის სცენარი, რომლის მიზანი – აპათიისა და ნიჰილიზმის გაღვივება, ხალხის დაღლა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენაა. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვჯერა, რომ გვარამიას, ხაზარაძისა და გახარიას ირგვლივ გაერთიანებული „პოლიტიკოსები“ ნამდვილად იბრძვიან ხელისუფლებისთვის. მივიჩნევთ, რომ მათი ნაწილი მოსყიდულია, ხოლო ნაწილი უბრალოდ გონებასუსტია, – წერია პარტია „გირჩის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.