პარლამენტში ე.წ. ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები განიხილეს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა ღია ფორმატში გაიმართა.

კომიტეტის დღევანდელი სხდომის დახურვა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის პირველმა მოადგილემ, ვანო ზარდიაშვილმა მოითხოვა და აღნიშნა, რომ ამის მიზეზი ცვლილებების შინაარსი იყო. ზარდიაშვილს, კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სხდომის დახურვა ნეგატიურ განწყობებს გამოიწვევს და კანონპროექტის განხილვის ფორმატის არასწორი პრეცედენტი შეიქმნება.

სხდომის დახურვის მოთხოვნაზე კენჭისყრა ჩატარდა, თუმცა, ვინაიდან საკითხის გასვლას რვა დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა, სხდომა არ დაიხურა, რადგან მხარდამჭერებს შორის ექვსი დეპუტატის ხმა დაფიქსირდა.