პარლამენტში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ დაგეგმილ ღონისძიებებზე მსჯელობენ
პარლამენტში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ დაგეგმილ ღონისძიებებზე მსჯელობენ. აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრებს მთავრობის სამოქმედო გეგმას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე აცნობს.
გიორგი ხანიშვილის ცნობით, 2018 წელს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისთვის დაახლოებით 50 მილიონი ლარი დაიხარჯება. მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ საქართველოში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება კლიმატური პირობების შესაბამისად დაიწყება.
მისი თქმით, სამთავრობო პროგრამა სამ თეზისს ითვალისწინებს, რომელთა შორისაა – მონიტორინგი იმის თაობაზე, სად რა კონცენტრაციით მცირდება მწერი. ამასთან, მინისტრის მოადგილე მოსახლეობას მოუწოდებს, ღონისძიებების გატარებაში აქტიურად ჩაერთოს და ისინი სახელმწიფოსგან მიიღებენ რეკომენდაციებს, როდის რა განახორციელონ.
გიორგი ხანიშვილმა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საქართველოში მისი ბიოლოგიური მტრის შემოყვანაც არ გამორიცხა და აღნიშნა, რომ ეს ვინმეს სურვილით კი არ მოხდება, არამედ მეცნიერულ ანალიზზე დაყრდნობით.