ოთარ დანელია - აზიური ფაროსანას ბუნებრივი მტერის საქართველოში შემოყვანა ლაბორატიული კვლევის საგანია
ოთარ დანელია - აზიური ფაროსანას ბუნებრივი მტერის საქართველოში შემოყვანა ლაბორატიული კვლევის საგანია

აზიური ფაროსანას ბუნებრივი მტერის საქართველოში შემოყვანა ლაბორატიული კვლევის საგანია, შესაბამისად არ ვიჩქარებდი, რადგან შესასწავლია ზემოქმედებები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ განუცხადა.

მისი თქმით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში მოსახლეობის ჩართულობა აუცილებელია, მაგრამ არანაკლებ აუცილებელია სხვა სტრუქტურების ჩართულობაც. მათ შორის ინფრასტრუქტურის სამინისტროს.

“საუბარია ამ თემის მაღალი დონის მართვაზე, რადგან შეიძლება ვიყიდოთ ტექნიკა, იყოს პრეპარატები და არასათანადო ჩართულობა, რის გამოც შედეგი ვერ მივიღოთ. მნიშვნელოვანია, რომ აქტიური ჩართულობა იყოს და ღონისძიებები გავატაროთ, რათა მომზადებულები შევხვდეთ დიდ გამოწვევას, რომელმაც მნიშვნელოვანი ზარალი უკვე მოგვაყენა და ეს ზარალი გაიზრდება, თუ მყისიერი რეაგირება არ გვექნება”, – განაცხადა დანელიამ.

პარლამენტში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ დაგეგმილ ღონისძიებებზე მსჯელობენ. აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრებს მთავრობის სამოქმედო გეგმას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე აცნობს. გიორგი ხანიშვილის ცნობით, 2018 წელს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისთვის დაახლოებით 50 მილიონი ლარი დაიხარჯება. მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ საქართველოში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება კლიმატური პირობების შესაბამისად დაიწყება.