საქართველოს პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ 30 მაისს მიღებულ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია და კანონი თავდაპირველი ვერსიით მიიღო. მესამე მოსმენით მიღებული კანონპროექტის მიხედვით, „საარჩევნო კოდექსს“ ემატება ნორმა, რომლის თანახმადაც, თუ ცესკო-ს სხდომაზე კენჭისყრის შედეგად ვერ იქნა მიღებული ცესკო-ს ის გადაწყვეტილება, რომლის მისაღებად საჭიროა ცესკო-ს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა, ცესკო-ს ამ გადაწყვეტილებას იმავე სხდომაზე კენჭი ხელახლა ეყრება. ამ შემთხვევაში, ცესკო-ს აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს ცესკო-ს სრული შემადგენლობის უმრავლესობა. ცვლილებით ასევე განისაზღვრა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის, საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე ან ტექნიკური პერსონალის წევრის, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის საქმიანობამ ან/და შრომის ანაზღაურებამ არ შეიძლება, მის საზიანოდ გავლენა მოახდინოს მისი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციაზე, მისთვის სოციალური დახმარების, სოციალური გასაცემლის ან/და სახელმწიფო გასაცემლის მიცემაზე, მასზე სოციალური შეღავათის გავრცელებაზე ან/და მის დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ან/და ასეთი პროგრამის ქვეპროგრამაში მონაწილეობაზე.