მწვავე პროტესტის ფონზე ჩაიარა კიდევ ერთი სადავო საკანონმდებლო ცვლილების განხილვამ.
„ქართულმა ოცნებამ“ ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ეს ნიშნავს, რომ ცენტრალურ ბანკში ახალი თანამდებობა, პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოზიცია გაჩნდება – სწორედ ის შეასრულებს ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის არჩევამდე მის მოვალეობას. სალომე ზურაბიშვილის გარდა ცვლილებებს აპროტესტებს ოპოზიცია, თავად ეროვნული ბანკი და სავალუტო ფონდი. ცვლილების მოწინააღმდეგეები დარწმუნებულები არიან, რომ ახალი თანამდებობის შემოღებით „ქართულ ოცნებას“ სურს, ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება საბჭოდან მისთვის სასურველ კანდიდატს ჩააბაროს. ჯერ კიდევ თებერვალში ვეტოდადებულ კანონპროექტზე ვეტოს დაძლევა მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც გაირკვა, რომ პრეზიდენტი და მმართველი პარტია ეროვნული ბანკის საბჭოს ორ ვაკანტურ ადგილზე წარსადგენი კანდიდატებიდან ერთ-ერთზე ვერ შეთანხმდა. საუბარია ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის კანდიდატურაზე. დღეს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა მმართველი გუნდი შანტაჟსა და ზეწოლაში პირდაპირ საპარლამენტო ტრიბუნიდან დაადანაშაულა.