პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცავებთან დაპირისპირების შემდეგ, პოლიციამ პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ერთი პირი დააკავა.

პროტესტის მონაწილე ერთი მოქალაქე შეუძლოდ გახდა. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

პროტესტს „ლეიბორისტული პარტიის“ ორგანიზებით კერძო ტაქსის მძღოლები მართავენ. ისინი დედაქალაქის მერიის მიერ დაწესებულ ახალ რეგულაციებს ეწინააღმდეგებიან და მათ გაუქმებას მოითხოვენ.

ტაქსის მძღოლები ამბობენ, რომ უმრავლესობას ავტომობილები ლიზინგით აქვთ გამოყვანილი, მფლობელები კი მანქანების გადაღებვის უფლებას არ აძლევენ.

აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობასთან სოლიდარობა მალხაზ მაჩალიკაშვილმა გამოუცხადა. როგორც „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერები აცხადებენ, დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით მათ დედაქალაქის მერიას 3-დან 4 საათამდე რუსთაველის გამზირის გადაკეტვის მოთხოვნით ოფიციალურად მიმართეს.