სათემო მომსახურების განვითარება და ფსიქიკური ჯანმრთელობის ახალი ცენტრების მოწყობა ქვეყნის მასშტაბით – ეს ის მთავარი საკითხებია, რომლის გარშემოც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს. ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის შესრულების ანგარიში კანონმდებლებსა და დარგის სპეციალისტებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ წარუდგინა და დაგეგმილი ღონისძიებებიც გააცნო.
მისი შეფასებით, მთავარ პრობლემად კვლავ ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობა რჩება, რომელის გაზრდაზეც სამინისტრო ეტაპობრივად მუშაობს, ჩინური ინვესტიციის დახმარებით კი უახლოეს მომავალში კახეთსა და სამეგრელოში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ჯანმრთელობის ცენტრები გაიხსნება.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული სტრატეგია 2015-2020 წლებს მოიცავს და მის ზუსტ ვადებში შესრულებას ზედამხედველობას პარლამენტი უწევს.