პაოლო იაშვილის განახლებული სახლ-მუზეუმი გაიხსნა საჩხერის მუნიციპალიტეტში.
რესტავრირებულ შენობაში მუზეუმის სრულფასოვნად ფუნქციონირების მიზნით, პირველ ეტაპზე შეიქმნა სამუზეუმო კონცეფცია. კერძოდ, სახლ-მუზეუმის ხუთი ოთახი დაიყო თემატურ სივრცეებად: პოეტის ბავშვობა და ოჯახი, ქუთაისის პერიოდი, მულტიმედიური სივრცე, „ცისფერყანწელების“ დარბაზი და პაოლოს ოთახი. შეგროვდა და დამუშავდა საარქივო მასალა, მოგროვდა ეპოქის შესაბამისი ავეჯი და რელიკვიური ნივთები. რესტავრირდა ოჯახის ავეჯი, დამონტაჟდა საინფორმაციო სტენდები და ვიდეორგოლები. ექსპოზიციის შექმნისას მაქსიმალურად შენარჩუნდა სახლის ავთენტური სახე. სამუშაოებში საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან ერთად მონაწილეობდნენ საჩხერის მუნიციპალიტეტი, ადგილობრივი მცხოვრებლები და პოეტის ოჯახი.