„კოვიდ-19“-ის გამო კიდევ ერთი მშობიარე ქალი დაიღუპა. 19 წლის გოგო თბილისში, ბოკერიას სახელობის კლინიკაში საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაიცვალა. ექიმებმა შეძლეს ახალშობილის გადარჩენა. მისი მდგომარეობა სტაბილურია. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ვირუსს 13 ორსულის სიცოცხლე ემსხვერპლა. მონაცემებს საგანგაშოს უწოდებს ჯანდაცვის მინისტრი. ლეტალური შედეგების გამომწვევ მიზეზებს გინეკოლოგთა ასოციაცია შეისწავლის. თუმცა, წინასწარი მოსაზრებებით, ხშირია დაგვიანებით მიმართვიანობის შემთხვევები. მედიკოსები ორსულ ქალებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ. მეანგინეკოლოგი დავით გაგუა, კვლევებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ აცრა უსაფრთხოა ყველა ტრიმესტრში და ლაქტაციის დროს. ის მინიმუმამდე ამცირებს როგორც დედის, ისე ნაყოფის მდგომარეობის გართულების რისკებს.