11 ივნისს, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი, „ოქროს ტალღას“ უმასპინძლებს.
წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონიას რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ წელს უკვე მეექვსედ მართავს. ნომინანტებს შორის მოხვდა ის სიმღერები, რომელთა პრემიერა მთელი წლის განმავლობაში, რადიოჰოლდინგის ოთხი რადიო სადგურის ეთერში შედგა. ჟიურის მუშაობის შედეგად, სამ-სამი მთავარი ნომინანტი გამოიკვეთა 8 ნომინაციაში. ესენია „წლის სიმღერა“, „წლის მომღერალი ქალი“, „წლის მომღერალი მამაკაცი“, „წლის დუეტი“, „წლის დებიუტი“, „წლის რიმეიქი“, „წლის ქალაქური სიმღერა“ და „წლის ჯგუფი/ანსამბლი“.
ტრადიციულად, „ოქროს ტალღისთვის“ შერჩეული ჟიურის ვინაობაც 11 ივნისს დასახელდება. ცერემონიამდე ჟიურის ყველა წევრის ვინაობა გასაიდუმლოებულია.
წლევანდელი „ოქროს ტალღა“ ლეგენდარულ ჯგუფს, „ქუინს“ ეძღვნება. ღონისძიებისთვის თბილისში სპეციალურად ჩამოდის კანადელი შემსრულებელი, მარკ მარტელი, რომელიც „ქუინის“ სიმღერებს შეასრულებს.