ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს, გორში, ტრადიციულად, სახალხო დღესასწაულ ოქონობას აღნიშნავენ. ოქონის მშენებარე ტაძარში, ატენისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ სადღესასწაულო წირვა აღავლინა. წირვის შემდეგ კი ქალაქის ქუჩებში ტრადიციული მსვლელობა გაიმართა. სასულიერო პირებმა ქალაქი მოიარეს, მოსახლეობა დალოცეს და ქუჩები აკურთხეს. ოქონობის დღესასწაული ატენისა და გორის მიტროპოლიტ ანდრიას ლოცვა-კურთხევით 2004 წელს აღდგა და წელს მეთექვსმეტედ აღინიშნება. დღესასწაული ოქონის ხატს უკავშირდება, რომელიც მე-12 საუკუნიდან გორის მფარველად მიიჩნეოდა. ხატი 1991 წელს ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს დაიკარგა და 2001 წელს კრისტის აუქციონზე აღმოაჩინეს. როგორც ერის საგანძური, ოქონის ხატის სპილოს ძვლის უბრწყინვალესი ტრიპტიკონი 2004 წლიდან თბილისის სახელმწიფო მუზეუმში ინახება.