კვირაცხოვლობის დღესასწაული ტაძრებში

მართლმადიდებელი სამყარო დღეს კვირაცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ ჩაატარა. წირვის დასრულების შემდეგ, მან ტაძარში შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართა და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. დღევანდელ დღეს აღდგომის განახლებას და თომას კვირასაც უწოდებენ. კვირაცხოვლობას ტაძრებში არტოსი რიგდება, – საგანგებოდ გამომცხვარი პური, რომელიც აღდგომის დღიდან ბრწყინვალე შვიდეულის განმავლობაში, ეკლესიებში საკურთხევლის შესასვლელთან დევს. მორწმუნეები მას მთელი წლის განმავლობაში ინახავენ და უძლურების დროს იღებენ.