ოპოზიციური პარტიების გეგმები

როგორი კონფიგურაციით წარდგებიან საპარლამენტო არჩევნებზე პარტიები, რა გეგმა აქვს ოპოზიციას. დეტალებზე პოლიტიკურ პარტიებში არ საუბრობენ, თუმცა წინასაარჩევნო პროცესში ეს არის საკითხი, რაზეც, როგორც ჩანს, პოლიტიკური პარტიები აქტიურად მსჯელობენ. „ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის ოპოზიციური სპექტრის გაერთიანებისთვის. პარტიაში ამბობენ, რომ ერთად ბრძოლას სთავაზობენ ყველას, მათ შორის პარტიიდან ცოტა ხნის წინ წასულებსაც. წინასაარჩევნო პროგრამის დეტალების თაობაზე კი უფრო მეტის თქმას 8 ივლისის ღონისძიებაზე გეგმავენ, რომელსაც ყრილობის ფორმაც ექნება და სადაც თინა ბოკუჩავა პარტიის თავმჯდომარედ, ხოლო ლევან ხაბეიშვილი – პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ იქნებიან წარდგენილები, სწორედ 8 ივლისის ღონისძიების მოსამზადებელ საკითხებზე მსჯელობენ ისინი ამ წუთებში პოლიტსაბჭოს სხდომაზე. რაც შეეხება სხვა ოპოზიციური პარტიების გეგმებს, – „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, 8 ივლისისთვის ემზადება „სტრატეგია აღმაშენებელი“, თუმცა, მაგალითად, გიორგი გახარიას პარტიაში ამბობენ, რომ ისინი არავისთან გაერთიანებას არ აპირებენ და არჩევნებზეც საკუთარი პოლიტიკური ნომრით გავლენ.