ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავენ, დაგმონ ძალადობა და თავდასხმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებზე, პარტიის ცენტრალურ ოფისზე, სხვა ოპოზიციურ პარტიებსა და აქტივისტებზე. „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ მიმართვაში ვკითხულობთ: „ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას დაგმოს სახელმწიფო ტერორის ეს აქტები და მტკიცე პოზიცია დაიკავოს საქართველოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული პრინციპების უხეში დარღვევის საპასუხოდ. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედითი შემზღუდავი ზომების, მათ შორის ინდივიდუალური სანქციების გატარებას ქვეყანაში რუსეთის რეჟიმის საგანგაშო გავლენის შესაჩერებლად და ქართველი ხალხის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების მსგავსი ქმედებები მკვეთრად ნეგატიურად აისახება საქართველოს ევროპულ მომავალზე. დემოკრატიული ღირებულებების ეროზია და სამოქალაქო საზოგადოების დაშინება საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციისა და თავისუფალი, ღია საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესს. თქვენი სოლიდარობა და მხარდაჭერა ამ კრიტიკულ დროს აუცილებელია, რადგან ჩვენ ვცდილობთ დავიცვათ საქართველოში დემოკრატიის, სამართლიანობისა და ადამიანური ღირსების ღირებულებები“, – აღნიშნულია მიმართვაში.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ინციდენტი გუშინ ღამით მოხდა. პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, მათ რამდენიმე ათეული პირი თავს დაესხა. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით არის აღძრული. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.