ოპოზიციის წარმომადგენლები კონგრესმენ ჯო უილსონს წერილით მიმართავენ. წერილი ეხება MEGOBARI Act-ის ინიცირებას. როგორც წერილშია აღნიშნული, ოპოზიციის წარმომადგენლები მადლობას გამოხატავენ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, დემოკრატიისა და ევროატლანტიკური კურსის დაცვისთვის უწყვეტი ბრძოლის მიმართ ამერიკელი ხალხის ძლიერი მხარდაჭერისთვის და იმედს გამოთქვამენ, რომ კონგრესი და სენატი სწრაფად და ერთობლივად იმუშავებენ, რათა უზრუნველყონ კანონის სწრაფი მიღება. „მხოლოდ ისეთ კანონმდებლობას, რომელიც უზრუნველყოფს სწრაფ მოქმედებას, კონკრეტული შედეგების დაწესებას მათთვის, ვინც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას და უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს, შეუძლია, შეცვალოს ეს სახიფათო კურსი და დაანახოს ქართველ ხალხს, რომ შეერთებული შტატები მათ გვერდით დგას დემოკრატიისა და ევროატლანტიკური მომავლისადმი მათ ერთგულებაში. უახლოეს თვეებში, როდესაც მივუახლოვდებით ჩვენი ერის ისტორიაში კრიტიკულ წერტილს, რადგან ჩვენი მოქალაქეები განიცდიან უპრეცედენტო ზეწოლას და ძალადობას, რადგან ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის, მივესალმებით, დათქმის გარეშე, ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას, მათ შორის, პირად ვიზიტებს, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს დემოკრატიის დაცვას. ჩვენ გვჯერა, რომ კონგრესის დელეგაციის ვიზიტები საქართველოში დიდ გავლენას მოახდენს საქართველოს თავისუფლებისმოყვარე ხალხის მხარდაჭერაზე და იქნება ძლიერი სიგნალი საქართველოს მთავრობისთვის, რომ ხალხის ხმის ძალით გაჩუმება შეუძლებელია. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ასევე ვთხოვთ აშშ-ის კონგრესს, გამოყოს საჭირო ადამიანური და ფინანსური რესურსები, რათა უზრუნველყოს საქართველოში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების სათანადო დაკვირვება, რადგან რისკები მაღალია და ჩვენი ევროატლანტიკური მომავალი ისტორიულ გზაჯვარედინზე დგას. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნულია წერილში.