„ევროპული საქართველო“ ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებისთვის ემზადება. თუმცა, დღევანდელი რეაქციებიდან გამომდინარე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, მიეცემა თუ არა პარტიის დღევანდელ შეთავაზებას მემორანდუმის სახე.
„ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ ოპოზიციას მოუწოდებენ, მმართველ პარტიასთან შესაძლო თანამშრომლობა ახლავე გამორიცხონ და დააფიქსირონ, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციაში არ შევლენ და მთავრობის ფორმირებაში არ დაეხმარებიან. წინადადებას პოლიტიკურ სპექტრში არაერთგვაროვნად შეხვდნენ. ყველაზე მეტად ინიციატივა „ნაციონალურ მოძრაობას“ მოეწონა.
განსხვავებით ოპოზიციის ნაწილისგან, რომელიც შეთავაზებას არ იღებს, ხელისუფლების ოპონენტთა დიდი ნაწილისთვის კოალიციებზე საუბარი ჯერ ნაადრევია. პოლიტიკური სპექტრი არჩევნების შედეგებს და მომავალ პოლიტიკურ კონფიგურაციებს ელოდება.