აქციების გაგრძელებას აანონსებენ ოპოზიციაში, თუმცა, კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე არ საუბრობენ. ამბობენ, რომ „ყველა ბერკეტით შეეცდებიან დაიცვან ქართველი ხალხის რეალური არჩევანი და დაამტკიცონ, რომ არჩევნები გაყალბდა“. ოპოზიციაში განმარტავენ, რომ პარლამენტში არ შესვლასთან დაკავშირებით პოზიცია საერთოა და არ გადაიხედება. გუშინდელ აქციაზე გაჟღერებულ მოთხოვნათა სიაში ოპოზიცია მოითხოვს საქართველოში ჩატარდეს ხელახალი არჩევნები, რომლის გამართვაზეც პასუხისმგებელი საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია იქნება. არასერიოზულს უწოდებს აქციებსა და ოპოზიციის მოთხოვნებს მმართველი გუნდი, რომელიც ოპონენტებისგან მანიპულაციის დამადასტურებელ კონკრეტულ მტკიცებულებებს ითხოვს. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ოპოზიციას მარცხის აღიარება არ სურს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას სხვადასხვა გზით ცდილობს. მმართველი გუნდის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები ადრეც უარს ამბობდნენ პარლამენტში შესვლაზე, თუმცა, საბოლოოდ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ მაშინ გადაწყვეტილება შეცვალა, იმავეს ელოდებიან ახლაც.