კობა ნაყოფიას განცხადებით, თუ ქვეყანა წლის ბოლომდე კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ვადამდელი არჩევნები გარდაუვალი იქნება, ამისათვის კი ოპოზიციამ შეთანხმებულად უნდა იმოქმედოს. კობა ნაყოფიას ამ განცხადებას განმარტავენ „ნაციონალურ მოძრაობაში“, სადაც ამბობენ, რომ კობა ნაყოფია მხოლოდ სავარაუდო სცენარზე საუბრობს, რადგან, თუკი ქვეყანა მიიღებს უარს, ეს საზოგადოების გაბრაზებას გამოიწვევს. იმავე აზრზე არიან სხვა ოპოზიციურ პარტიებშიც, სადაც ამბობენ, რომ უარის შემთხვევაში, „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ასეთი ტიპის განცხადებები მხოლოდ ადასტურებს იმას, რომ ოპოზიციას დესტრუქციული ქმედებები და ქვეყნისთვის ხელისშეშლა სურს.